სამართალი
მელორ ვაჩნაძე გერმანიაში ფეხსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. აქტივისტი მელორ ვაჩნაძე, რომელმაც საქართველო გასული წლის ნოემბერში, მისი თქმით, პოლიტიკური ზეწოლის გამო დატოვა, გერმანიაში ქურდობისთვის დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში არ ამბობენ, რა გახდა მისი დაკავების ზუსტი მიზეზი.

როგორც imedinews-ს წყარომ უთხრა, მელორ ვაჩნაძე გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში, ერთ-ერთ მაღაზიაში ფეხსაცმლის მოპარვას შეეცადა, თუმცა მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კამერების დახმარებით ის ამოიცნეს და ქურდობის ფაქტი აღკვეთეს.

დამატებითი ინფორმაცია და დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა უცხოურმა გამოცემამაც გაავრცელა ფოტოსთან ერთად. გამოცემის ცნობით, შემთხვევა 9 იანვარს მოხდა და, სავარაუდოდ, მელორ ვაჩნაძესთან ერთად კიდევ ერთი კაცი იყო.

მელორ ვაჩნაძემ საქართველო გასულ წელს დატოვა. ქვეყნის დატოვებამდე მან თქვა, რომ ის "პოლიტიკურ ზეწოლას" განიცდიდა. ვაჩნაძემ წასვლამდე ასევე თქვა, რომ "ქართული ოცნება" მის დაკავებას გეგმავდა, რადგან, მისი თქმით, არჩევნებში დახმარებაზე უარი უთხრა.