პუბლიკაციები
ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში მთიანი ყარაბაღის ომის აქტიური მონაწილის მიხაილ ავაგიანის ძეგლი გაიხსნა, რამაც ბაქოს მწვავე პროტესტი გამოიწვია

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაგიანის ძეგლი დადგეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, ძეგლის გახსნის ღონისძიებას, რომელიც 20 იანვარს გაიმართა, ახალქალქის მერი იურიკ უნანიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, ასევე საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესწრებოდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი და საბავშვო მოედანი ბუღაშენელი მეცენატის გაგიკ ავაგიანის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ძეგლი მიხაილ ავაგიანის შვილებმა და შვილიშვილმა გახსნეს.

მიხაილ ავაგიანი ბუღაშენში დაიბადა. Jnews-ის ცნობით, სოფლის 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა სომხეთში, ქალაქ რაზდანის ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა. მუშაობდა აფხაზეთში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, რის შემდეგაც საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში მდებარე სოფელ აღბულაგში გადავიდა. როდესაც სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, მიხაილ ავაგიანი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და ცნობილი გახდა მეტსახელით „კობრა“, რადგან იცოდა აზერბაიჯანული, რაც მას სადაზვერვო საქმიანობაში ეხმარებოდა. ის ქალაქ ჰორადიზში შეტაკებების დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბუღაშენი ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელია, რომელიც ახალქალაქიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით, ბუღაშენში 460 ადამიანი ცხოვრობს.