საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლებს თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა - პატიმრობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს, 11:00 საათზე დაინიშნა.
ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.
16 იანვარს დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევისას რვა ადამიანი დაშავდა.