სამართალი
22 წლის ქართველი მეზღვაური ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. 22 წლის ქართველი მეზღვაური, გორელი დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მეზღვაური ორი კვირის წინ გაუჩინარდა და მას ოჯახთან კომუნიკაცია არ აქვს. ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო.

დავით რაზმაძე ლიბიაში მყოფ მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. გემი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ეკუთვნის. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ მისრათაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან 7 იანვარს ღამით, ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. მიმდინარეობს დაკარგული მეზღვაურის ადგილსამყოფელის დადგენის სამუშაოები.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობს სიტუაციის დადგენას. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც დიპლომატიური არხებით, ისე გემის დროშისა და გემთმფლობელის მიმართულებით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გემი ამ ეტაპზე მისრათას ნავსადგურში დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, დავით რაზმაძე გემზე სამუშაოდ პირველად 3 თვის წინ წავიდა.