აქტუალური
მამუკა ბახტაძე ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს საულიუს სკვერნელისს შეხვდა

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს საულიუს სკვერნელისს შეხვდა.

საქართველოსა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძემ და საულიუს სკვერნელისმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამის შემდეგ კი დაგეგმილია მამუკა ბახტაძის ოფიციალური შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, შეხვედრებზე საუბარი იქნება როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე საქართველოსა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ევროკავშირისა და ნატოს ფორმატებში.

ლიეტუვა არის საქართველოს ძალიან მკაფიო მხარდამჭერი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებაში, ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით ყველა ამ საკითხზე გვექნება დისკუსია. მიმდინარე წელი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, დაგეგმილია ევროპარლამენტში არჩევნები და ბუნებრივია, ევროკავშირი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისში უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გვქონდეს შეთანხმებული პოლიტიკა ყველა ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით. ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გვექნება ასევე საუბარი ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ლიეტუვასთან ერთად საქართველო ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით და ბუნებრივია, 2019 წელიც ამ მიმართულებით პრიორიტეტული იქნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან ლიეტუვაში.

„200-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამემამულეებთან გვქონდეს მუდმივი კავშირი, კომუნიკაცია, რათა იყვნენ ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ასევე ყველა დაგეგმილი შეხვედრა გამოყენებული იქნება, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მკაფიო გახდეს 2019 წელსაც“, – განაცხადა ზალკალიანმა.