აქტუალური
«To be, or not to be» - ბიძინა ივანიშვილის ჰამლეტისეული დილემა - საქინფორმი

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. „რუსთავი-2“-მაც კი „კურიერის“ შაბათის გამოშვებაში ვერ დამალა სიმართლე, რომლის შესახებ დიდი ხანი აფრთხილებდა ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“. „რუსთავი-2“-ის ვიდეოსიუჟეტი (იხ. აქ) ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობისას გიორგი კვირიკაშვილმა პირი შეკრა საქართველოში უმსხვილესი კერძო TBC Bank”-ის მფლობელთან მამუკა ხაზარაძესთან ხელისუფლების სრული უზურპაციის და სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებისაგან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მეცენატისა და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორების მიზნით.

ყოფნა, არ ყოფნა, საკითხავი აი ეს არის - ბიძინა ივანიშვილის ჭეშმარიტად ჰამლეტისეული დილემა ბოროტი ხუმრობა აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ივანიშვილს მუდმივად უხდებოდა, ემტკიცებინა აშშ-სათვის თავისი პროდასავლურობა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ივანიშვილი იძრობდა პრორუსულ იარლიყებს, რომლებსაც სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და „რუსთავი-2“ აწებებდნენ და ჭირივით გაურბოდა ჯანსაღ პროქართულ ძალებთან თუ მოღვაწეებთან კომუნიკაციას. ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის საელჩოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატებზე აკეთებდა ფსონს - მაგალითად, განსვენებული ჟვანიას კერძო ინსტიტუტის პედაგოგ მარგველაშვილზე და საკუთარი ბანკის კლერკ კვირიკაშვილზე, რომლებსაც, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტად და პრემიერ-მინისტრად ნიშნავს (თანაც, ყოველი დანიშვნის წინ ქართველ ხალხს მიმართავდა და გარანტიას იძლეოდა, რომ ეს საუკეთესო პრეზიდენტი - საუკეთესო პრემიერი იქნებოდა ევროპაში!).

მაგრამ მისი ნაქები დანიშნულები თვალის დახამხამებაში გადიოდნენ პირდაპირ კონტაქტზე დასავლეთთან, აშშ-სთან და ძირგამომთხრელ მუშაობას იწყებდნენ თავიანთი კეთილისმყოფელის პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორების მიზნით, რაც თითქმის მოახერხა პრემიერმა კვირიკაშვილმა, რომელიც ივანიშვილმა წინდაუხედავად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედაც დანიშნა. „რუსთავი-2“-მა მოიპოვა ბანკირ ხაზარაძესთან WhatsApp-ით მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც ივანიშვილს მოასმენინეს და რომელშიც მას უწოდებენ ოლიგარქს, რომელიც არ უნდა მართავდეს სახელმწიფოს, რომელსაც ბიზნესი უნდა მართავდეს.

როგორც ცნობილია, კვირიკაშვილმა ხაზარაძის TBC Bank”-ი ქართულ-ამერიკულ კონსორციუმში შეიყვანა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, რომელიც დასრულების შემდეგ, შესაძლოა, საზღვაო გადაზიდვების რეგიონული ჰაბი გახდეს, ყველაზე ძვირადღირებული ბიზნესობიექტი საქართველოში და აგრეთვე, შესაძლოა, აშშ-მა სამხედრო-საზღვაო ბაზად გამოიყენოს, მათ შორის - წყალქვეშა ნავებისთვის.

სამაგიეროდ კი ხაზარაძემ არა მხოლოდ გაითვალისწინა კვირიკაშვილის წილი ამ პროექტში, არამედ ის უხდიდა ამერიკელ ლობისტებს, რომლებიც კვირიკაშვილს ხშირ შეხვედრებს უწყობდნენ აშშ-ში, სახელმწიფო მდივნიდან დაწყებული. ამ შეხვედრებზე „შეწუსებული“ ქართველი პრემიერი გამუდმებით სვამდა „საქართველოში მილიარდერი ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის მტკივნეულ პრობლემას“.

კვირიკაშვილი-ხაზარაძის დესტრუქციულ მოღვაწეობას და კვირიკაშვილი - მარგველაშვილის ურთიერთსიმპათიებს საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი - ივანიშვილი ვერ ამჩნევდა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში, ბოლოს და ბოლოს, თვალი აეხილა: გასული წლის 13 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მან ღიად დაადანაშაულა კვირიკაშვილი საბოტაჟში და აიძულა, მთავრობის და პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაეტოვებინა! კვირიკაშვილს დაპატიმრების შეეშინდა, რადგან მისი გადადგომისთანავე ბიუჯეტში აღმოაჩინეს მილიონობით მის მიერ სანქცირებული არამიზნობრივი თუ უკანონო ხარჯები „ატკატების“ მიღების მიზნით. მან ჯერ მონასტერს შეაფარა თავი, იქიდან კი პირდაპირ უზბეკეთში გაიქცა - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საერთაშორისო მრჩევლად.

ივანიშვილსა და პროკურატურის თვალთაგან გაეცალა და უცხოეთში მიიმალა მამუკა ხაზარაძეც, მაგრამ ცოტა ხნით - ის მალე დაბრუნდა და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარიც კი დაუჭირა ივანიშვილის „ოცნების“ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. მაგრამ ორიოდე კვირის წინ მთავარმა პროკურატურამ აღმოაჩინა ხაზარაძის და სხვა ბიზნესმენების მიერ 17 მილიონი დოლარის გათეთრების ფაქტი და, იმავე დროს, შეთქმულთა ზემოთ ნახსენები სატელეფონო საუბრის ჩანაწერი...

საქინფორმი