აქტუალური
ილია მეორე თბილისში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდ დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია.

მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა თანამდგომი უნდა განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით, შეცვლილი სახით, აგრძელებენ ცხოვრებას, ახლა უკვე მარადიულ, წარუვალ სამყაროში, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ.

აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოსა და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში ოთხშაბათს საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.