სამართალი
იმედი მაქვს, რომ შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები არ გარდაიქმნება რაიმე უფრო ღრმა დაპირისპირებად, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა შესაძლებელი, პოლიტიკური პროცესები იქამდე მივიდეს, რომ ეკა ბესელია და „ქართული ოცნების“ რამდენიმე ძველი სახე გუნდის გარეთ დარჩეს.

მისი თქმით, მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები პრეზიდენტის შესაფასებელი არ არის. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება იმ იმედით დაიწყო, რომ ერთგვარად შემრიგებელი უნდა გამხდარიყო.

მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები ჩემი შესაფასებელი არ არის. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როგორ განვითარდება ეს პროცესები. თუ მეკითხებით პირად გრძნობებზე გუნდის რომელიმე წევრის მიმართ, ალბათ, ეს არ არის ადგილი, სადაც უნდა გაგიზიაროთ პირადი ურთიერთობები გუნდის რომელიმე წევრის მიმართ. სხვათა შორის, ამ პროცესებში მონაწილე ყველა ადამიანთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, საქმიანობა იმ იმედით დავიწყე, რომ ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი. იმედი მაქვს, შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები არ გარდაიქმნება რაიმე უფრო ღრმა დაპირისპირებად. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანასა და საზოგადოებას სჭირდება მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი მთავარ საკითხებზე. ვფიქრობ, სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის ირგვლივ ყველა უნდა ვიყოთ გაერთიანებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რას გააკეთებს მმართველი გუნდის წევრების შესარიგებლად, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ პროცესებში არ ჩაერევა, რათა დისკუსიები უფრო არ გაღრმავდეს.

გავაკეთებ იმას, რომ არ ჩავერევი, რათა არ გავაღრმავო დისკუსიები. არ შეიძლება, ამაში ვიყო ჩართული, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურია, რომ თუნდაც მმართველ გუნდში თუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში იყოს ამ ტიპის დისკუსიები. არ არსებობს დემოკრატიული პროცესები, სადაც დროთა განმავლობაში არ არის უფრო მძაფრი დისკუსიები. მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო მძაფრ დაპირისპირებაში, რომელიც ამ ქვეყანას არ სჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.