რელიგია
დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ დაგმო სტამბოლის პატრიარქ ბართოლომეოსის გადაწყვეტილება უკრაინის ახალი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. „ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობა, რომელიც განამტკიცებს და შეკრავს... ამიტომ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ არანაირი გადაწყვეტილებები, რომელთა მიღმა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების კონსენსუსი არ დგას. იმიტომ რომ სისულელეა გათიშვის აღმოფხვრა მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობის ფასად.

...ეკლესიაში მშვიდობისთვის, მისი ერთიანობის და საერთო მართლმადიდებლური მოწმობისათვის ჩვენს სამყაროში დღეს ყველაზე სასარგებლოა ამ პროცესის შეჩერება და გადადება, სანამ უკრაინის პრობლემა შესწავლილი არ იქნება და სანამ საერთო მართლმადიდებლურ გადაწყვეტილებას არ მივაგნებთ. ამიტომ ძალიან ვთხოვთ თქვენს უწმინდესობას, მოუწოდოთ თქვენს ძმებს - მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, შეისწავლონ ეს საკითხები, რათა დაიცვან ჩვენი ეკლესია საფრთხეებისგან, რომლებიც მშვიდობასა და თანხმობასთან არ მიგვიყვანს არც უკრაინაში, არც მართლმადიდებელ სამყაროში“, - წერს ბართოლომეოსს იოანე X.

როგორც ადრე  EADaily იუწყებოდა, ვარშავის მიტროპოლიტმა საბამ პატრიაქ ბართოლომეოსისადმი წერილში აღნიშნა, რომ „გამაერთიანებელმა კრებამ“ განხეთქილების პრობლემა არათუ ვერ გადაწყვიტა, არამედ კიდევ უფრო გაართულა.

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი უძველესია და ეკლესიათა დიპტიქში მესამე ადგილი უკავია კონსტანტინოპოლისა და ალექსანდრიის ეკლესიების შემდეგ. პატრიარქის რეზიდენცია დამასკოში მდებარეობს. პატრიარქ იოანე X-ის სრული ტიტულია - უნეტარესი პატრიარქი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, არაბეთისა, ივერიისა, მესოპოტამიისა და სრულიად აღმოსავლეთისა.