საზოგადოება
ზუგდიდის ჰოსპიტალში ვირუსული გრიპის სიმპტომებით 15 პაციენტი მკურნალობს, ხოლო თბილისში პედიატრიულ კლინიკაში ამ სიმპტომებით შესული პაციენტების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსული გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია, სამი კი ორსული. ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება.

თითოეულ მათგანს უტარდება ანტივირუსული თერაპია ტამიფლუთი. მათგან არცერთს არ უფიქსირდება, გრიპის ვირუსი H1N1, თუმცა ანალიზები კვლევისთვის გაგზავნილია“, – ამბობს სულხან ორჟონია. ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, 28 დეკემბრიდან დღემდე რეფერალურ ჰოსპიტალს 229-მა პაციენტმა მიმართა. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ბინაზე გაწერეს. მხოლოდ 25 მათგანს დასჭირდა სტაციონარული მკურნალობა.

ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. ღორის გრიპით ერთი ზუგდიდელი მამაკაცი თბილისის კლინიკაში გარდაიცვალა, ერთი კი - ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

პედიატრიული „პრივატ კლინიკის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი ეკატერინე ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ გრიპით და გრიპის მსგავსი დაავადებების სიმპტომებით კლინიკაში შესული პაციენტების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია.

როგორც ეკატერინე ჩხარტიშვილი პირველ არხთან ამბობს, კლინიკა შევსებულია და პაციენტების მიღებისას პრიორიტეტი იმას ენიჭება, ვისი მდგომარეობაც მძიმეა.

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უმეტესობას უტარდება პირველადი დახმარება და მდგომარეობის გაუმჯობესებისას ეწერებიან ბინაზე. პაციენტების დაახლოებით 4-5% საჭიროებს ჰოსპიტალში მკურნალობის გაგრძელებას. თითქმის სრულად არის დაკავებული კლინიკა და სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად ვდგავართ ჩვენი პაციენტების სამსახურში. პაციენტების მიღება ხდება ტრიაჟის პრინციპითგადაუდებელი პაციენტების მომსახურება ხდება დაუყოვნებლივ. პაციენტები, ვისი დაყოვნებაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ყოვნდებიან და მათ ყველას ეწევა სამედიცინო მომსახურება“, - აცხადებს ეკატერინე ჩხარტიშვილი.

ექიმის რეკომენდაციით, მოსახლეობა უნდა მოერიდოს მჭიდრო კონტაქტს დაავადებულ პაციენტებთან, დაიცვას ჰიგიენის ნორმები, ხშირად დაიბანოს ხელები და გაიკეთოს აცრა.