რელიგია
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს ხელი მოაწერა. საზეიმო ცერემონია სტამბოლში გაიმართა. ღონისძიებას უკრაინელ სასულიერო პირებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაესწრნენ.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტომოსის მინიჭება ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს.

6 იანვარს კი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მეთაურს მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსი გადასცეს.

როგორც უკვე ცნობილია, 4 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ჩვენი ყველა ძალისხმევა 6 იანვარს განხორციელდება, შობის ღამეს, როდესაც ჩვენ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს გადავცემთ უკრაინის ეკლესიას და მათთან ერთად აღვნიშნავთ უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას“, – წერს მსოფლიო პატრიარქი და მსოფლიოს მართლმადიდებულ ეკლესიებს მოუწოდებს, აღიარონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ უარვყოთ ჩვენი ძმები, რომლებიც უკრაინაში სასოწარკვეთილ ბრძოლაში არიან, არ გვექნება არანაირი გამართლება განკითხვის დღეს“, – წერს მსოფლიო პატრიარქი.