სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ სამი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება პირველად გამოიყენა და საახალწლოდ სამი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე ქალბატონი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სამივე მსჯავრდებულმა ქალბატონმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას გეგმავს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა. აღსანიშნავია, რომ ახალი რედაქციის მიხედვით, პრეზიდენტს უცვლელად შეუნარჩუნდა მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება.