უცხოეთი
უკრაინაში დღეიდან საარჩევნო კამპანია იწყება

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. უკრაინაში დღეიდან საარჩევნო კამპანია იწყება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 31 მარტს უნდა გაიმართოს, ხოლო თუ საჭირო გახდა, მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება.

დღეიდან 3 თებერვლის ჩათვლით, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთებს მიიღებს. უკვე 9 თებერვალს გამოქვეყნდება პრეზიდენტობის კანდიდატების ოფიციალური სია, რის შემდეგაც მათ სააგიტაციო კამპანიის დაწყება შეეძლებათ.

უკრაინის კანონმდებლობით, პრეზიდენტის სავარძლის დაკავების მსურველი უკრაინის მოქალაქე უნდა იყოს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 35 წელი, სავალდებულოა უკრაინული ენის ცოდნაც. ასევე საპრეზიდენტო კანდიდატი უკანასკნელი 10 წელი სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს.

26 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააუქმა უკრაინის 10 რაიონში მოქმედი საომარი მდგომარეობის რეჟიმი. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მან საპრეზიდენტო არჩევნების დაუბრკოლებლად ჩატარებისთვის გადადგა.

1tv.ge