აქტუალური
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. 20 წლის სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადს, პაციენტს საავადმყოფოში შეყვანისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა, დაზიანებული ჰქონდა ნაწლავები, სისხლძარღვები, კუნთები, ჰქონდა სისხლის მასობრივი დანაკარგი.

დაშავებულს სასწრაფოდ ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა - კრიტიკული. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ახალწვეულმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. „მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.

1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

interpressnews.ge