საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დღეს, 28 თებერვალს, გაიმართება კონფერენცია "საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია".
საკონკურსო ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში არიან: მეუფე ანანია, მეუფე სტეფანე და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი სერგო ვარდოსანიძე. ნამუშევრების შეფასებისას ყურადღება გამახვილდა საკითხის ღრმა ცოდნასა და არგუმენტირების უნარზე.
გამოვლინდა რვა საუკეთესო ნამუშევარი. I ადგილი დაიკავა თსუ-ის IV კურსის სტუდენტმა მარიამ გოჩელიშვილმა, II ადგილი – თსუ-ის IV კურსის სტუდენტმა ნიკოლოზ ესიტაშვილმა, III ადგილი – № 100 სკოლის XII კლასის მოსწავლემ ხატია ღონღაძემ.
შემაჯამებელ შეხვედრაზე I, II, III ადგილებზე გასული თემების პრეზენტაცია-დაცვა (კითხვა-პასუხის რეჟიმში) გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები.
კონფერენციაზე საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მგალობელთა გუნდი და ქართული ხალხური სიმღერების ვაჟთა ანსამბლი საგალობლებსა და სიმღერებს შეასრულებენ.