საზოგადოება
რამდენი უღირს საქართველოს ხელისუფლებას მისივე მოქალაქის სიცოცხლე?!

kolonia_uflebaდავით ხურცია (სახელი და გვარი, ოჯახის წევრების თხოვნით, შეცვლილია) 52 წლის მამაკაცი იყო, რომელიც ციხეში გარდაიცვალა. მისი მეუღლე ქმრის დაღუპვას საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველი სამართალდამცავების არაკეთილსინდისიერ მუშაობას აბრალებს და ირწმუნება, რომ მეუღლე მათ მოუკლეს. საქინფორმის კორესპონდენტს მან ასეთი ისტორია უამბო:

„ მე დღეს სახელისა და გვარის დასახელებაც კი მეშინია, 2 შვილი და 2 შვილიშვილი მყავს და არ ვიცი, ვის რა დროს რას გაუკეთებენ. შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს და თქვას, რომ დღეს ასეთი რამეები აღარ ხდება, მაგრამ დამიჯერეთ, დღეს რაც ხდება, შევარდნაძის დროს არ ხდებოდა. ნებისმიერ ადამიანს გააფუჭებენ და სასიკვდილოდაც კი გაიმეტებენ, სწორედ ისე, როგორც ეს ჩემს მეუღლეს გაუკეთეს.

მე იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, რომლებიც სუბიექტურად აზროვნებენ და, რადგან ჩემია, მართალი არ არის. ახალგაზრდობისას ჩემი მეუღლე ნამდვილად იყო ე.წ. ძველი ბიჭი (მაშინ მოდაში იყო) და ციხეშიც იჯდა, მაგრამ ხომ უნდა მივცეთ ადამიანებმა ერთმანეთს გამოსწორების საშუალება?

მოკლედ რომ მოგიყვეთ, ბოლოს ჯანრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებდა, სახლიდან ვერ გადიოდა. ერთ დილას პურზე ჩავიდა. იქვე, ეზოში, ეტყობა, ელოდებოდნენ, მივარდნენ, დიდი ტერორისტივით ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს. როდესაც ოჯახს ეს ამბავი შეგვატყობინეს, აღმოჩნდა, რომ თურმე ჩემი მეუღლე 2 კაკალი(როგორც ამას თავად უწოდებენ) სუბოტექსით იყო პურზე ჩასული, თუ წამალი თან ჰქონდა, სახლიდან ეზოში წამლით რატომ ჩავიდოდა? არადა, ისიც ვერ დაუმტკიცეს, რომ ბარიგას შეხვდა. რომელ წამალზეა საუბარი? კაცი ძლივს იდგა ფეხზე და ისეთი სერიოზული დაავადება ჰქონდა, ძალიანაც რომ სდომებოდა, პირველივე გაკეთებისას მოკვდებოდა და, როგორც უკვე აღვნიშნე, მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ვინმეს ხელი დავაფარო ან დავაბრალო.

მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მეუღლეს წამალი ჩაუდეს. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რა ინტერესი ჰქონდათ მაინცდამაინც ჩემი ოჯახის. მაგასაც გეტყვით. ჩემი ერთი შვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე კარგ ადგილას მუშაობს, მატერიალურად კარგად ვართ. იმათ კი თავისი გეგმა აქვთ. როდესაც პირობითიანების სიას გადახედეს, აღმოაჩინეს, რომ თურმე ხურციას ოჯახი სხვებთან შედარებით კარგად გადაიხდიდა, გეგმა ხომ უნდა შესრულებულიყო? როგორც უკვე ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ იგი იმ პირობებში 1 კვირაში გარდაიცვალა, ვერც ფული ჩაიჯიბეს და მეც დამტოვეს   დაქვრივებული“.