აქტუალური
საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში 217 დევნილ ოჯახს გადაეცემა

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მასშტაბით 217 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ბინების დაკანონების გადაწყვეტილება დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის განმხილველმა კომისიამ მიიღო. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს.

კომისიის გადაწყვეტილება შუამდგომლობისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნება და შემდგომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.

2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში უკვე 17 000-მდე ოჯახს გადაეცა.