პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა ჟვანიას ბიოგრაფია

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ლაშა ჟვანია დაიბადა 1973 წლის 14 ოქტომბერს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 

1998 წელს გაიარა ადამიანის უფლებათა სასწავლო კურსი ბირმინგემის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო). 

1995-1998 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დევნილთა სამართლის საკითხთა მკვლევარი (LLM). 

1995 წელს გაიარა ლიდსის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის კურსი (CPDS).

1995 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მე-3 მდივნად, 1995-1998 წლებში სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივანი, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს მესამე მდივანი, დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების მეორე მდივანი. 

1998-2002 წლებში იყო ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, შემდეგ კი კონსული. 

2002-2003 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ამავე პერიოდში იყო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი.

2004 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 

2005 წელს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში;

2005-2008 წლებში - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში. 

2008 წელს არჩეული იქნა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრად. 

2008-2009 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 

2009 წელს დატოვა თანამდებობა და დააარსა საკონსულტაციო კომპანია Global Uni Group. 

2010 წლიდან ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდს.

2004 წელს მინიჭებული აქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ფლობს ინგლისურს, ივრითსა და რუსულს.