საზოგადოება
პაატა იმნაძე: მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, იგივე ე.წ. ღორის გრიპია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ და ურჩევენ, ხშირად დაიბანონ ხელი. მათ კი, ვინც თავს ვირუსის გამო შეუძლოდ გრძნობს, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოუწოდებენ, სრულ გამოჯანმრთელებამდე სახლში დარჩნენ.

ბოლო ორი კვირაა, გრიპის მაგვარი დაავადების საკმაოდ ინტენსიური მატებაა. ამავე დროს, ყველა ვირუსი, რომელიც ცირკულირებს, არის H1N1. ძალიან იშვიათად გვხვდება H3N2. წინა კვირის მონაცემებით, ავადობა 185 იყო 100 ათას მოსახლეზე. ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან ეპიდემიური ზღვარი ჩვენთვის არის 100 ათას მოსახლეზე 450.

რჩევა მინდა მივცე მოსახლეობას, რომ გრიპიან ბავშვებს ნუ გაუშვებთ სკოლაში, ბაღში და უფროსები ნუ წავლენ სამსახურში, რადგან ვისაც მსუბუქად აქვს და დადიან სხვადასხვა ადგილებში, სწორედ ისინი ავრცელებენ ვირუსს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. ვირუსი ძირითადად სწორედ ხელით გადადის. ასევე ხველების და ცემინების ეტიკეტი უნდა იყოს დაცული. ამ დროს სასურველია, ხელსახოცი ავიფაროთ სახეზე, რათა შევამციროთ ვირუსის გავრცელების რისკები“, - განმარტა პაატა იმნაძემ.