პუბლიკაციები
უწყებაში სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე პრეზენტაცია გაიმართა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: „ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ფორმირების ძირითადი მიმართულებები და ამ პროცესში ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა როლი და ადგილი’’, რომელიც წარმოადგინა ა(ა)იპ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ. აღნიშნულ საკითხზე, ეს ორგანიზაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს.

პრეზენტაციაზე ფართოდ იქნა განხილული ის პრობლემები და გამოწვევები, რის წინაშეც ქვეყანა სამოქალაქო თავდაცვის კუთხით დგას და რომლებზე რეაგირება, ჩვენი რეალობიდან და უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, ხელისუფლებასთან ერთად, დროულად უნდა მოხდეს. ამ საკითხის გადაჭრაში, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, მათი გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ; ამიტომ ვეტერანთა პოტენციალი, სამოქალაქო თავდაცვის სფეროში, სათანადოდ უნდა იქნეს გამოყენებული.

„სამოქალაქო თავდაცვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, არა მხოლოდ ომის, არამედ მშვიდობიანობის პერიოდშიც, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.’’_განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა უწყებების, სამხედრო ექსპერტებსა და ვეტერანების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის. გამოითქვა შენიშვნები, რომლებიც, როგორც ბატონმა თენგიზ შუბლაძემ აღნიშნა, გათვალისწინებულ იქნება, თემა უფრო დაიხვეწება და შემდეგ პრემიერ-მინისტრს წარედგინება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, ეროვნული გვარდიის, ‘’საქართველოს გენერალთა კლუბის’’, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამხედრო ექსპერტები.