სამართალი
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადდა.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა, ცვლილებების ინიცირება უკვე მოხდება და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით დავიწყებთ, რომლითაც გამოძიებას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტის ვალდებულება არ ექნება. ეს ინიციატივა ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გავრცელდება, როგორიცაამკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებები. რასაკვირველია, ეს ცვლილება, პირველ რიგში, განპირობებულია ზვიად გამსახურდიას საქმეზე დაწყებული გამოძიების გაგრძელების აუცილებლობით, რათა ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება იყოს განხორციელებული და დრო მაქსიმალურად იყოს გამოყენებული”, – განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნული ცვლილებების ავტორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საზოგადოებისა და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას სთხოვენ. როგორც ცოტნე გამსახურდია ამბობს, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.

თუ გამოძიება ამ ხუთ წელშიც ისე წარიმართა, როგორც ეს წლების წინ იყო, მაშინ შედეგი გვექნება ისევ ნულოვანი. ვთხოვთ მთავარ პროკურორს და ამის შესახებაც ვაცნობებთ, რომ საქმეზე დაინიშნოს ოჯახის და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორი, რომელსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიკაცია ექნება. ჩვენ რამდენიმე ადამიანზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერჯერობით არ დავასახელებთ. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა ეფექტური მუშაობა“, – აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის საზოგადოებრივი მისაღების შენობაში შიმშილობენ. მათ პროკურატურამ შიმშილობის პირველ დღეს შეხვედრა შესთავაზა, რაზეც გამსახურდიებმა უარი თქვეს.