რედაქტორისგან
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინელ რასკოლნიკებს არ აღიარებს - საქინფორმი

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. 15 დეკემბერს კიევში ორმა სქიზმატურმა ორგანიზაციამ - „კიევის საპატრიარქომ“ და „უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ“ - სხდომა ჩაატარეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თავმჯდომარეობით და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ზედამხედველობით. თვითგამოცხადებულმა „გამაერთიანებელმა კრებამ“ გამოაცხადა მათი გაერთიანება არაკანონიკურ სტრუქტურაში - „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში“, რომელსაც დამდეგი 2019 წლის 6 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს გადასცემს.

20 დეკემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა კიევში ჩატარებულ „გამაერთიანებელ“ ფსევდოკრებასთან დაკავშირებით გზავნილებით მიმართა საადგილმამულო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, რომლებშიც მოუწოდა, არ აღიარონ კიევში გამართული რასკოლნიკების უკანონო შეკრების შედეგები - ახლად შექმნილი ფსევდოეკლესიური სტრუქტურა - და მასთან ურთიერთობაში არ შევიდნენ.

დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტებმა, რომლებიც საქართველოში ქართველი ტელეჟურნალისტებისა და თეოლოგების ლეგენდით მოქმედებენ, ანტირუსული დემარშის პროვოცირება სცადეს იმის გამო, რომ სრულიად საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისადმი გზავნილში მისი ტიტული, ვითომდა განზრახ, სრულად არ იყო მითითებული - „მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის“ გარეშე.

პასუხად საქინფორმი პროვოკატორებს რამდენიმე ფაქტს შეახსენებს:

- რომ სხვა წინამძღვართა ტიტულებიც გზავნილებში სრულად არ იყო მითითებული, მათ შორის - გზავნილთა ავტორის პატრიარქ კირილის ტიტული;

- რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთ გზავნილში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ადრეც არასოდეს მოიხსენიებოდა „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად“, ხოლო „მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსი“ მითითებულია ილია მეორის ბიოგრაფიულ გვერდზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტზე, განყოფილებაში „საადგილმამულო ეკლესიების მოღვაწენი“;

- რომ არცერთ დოკუმენტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე, მათ შორის - საპატრიარქოს განცხადებებში და პატრიარქის ბრძანებებში, საპატრიარქოს და პატრიარქის ბლანკზე, აგრეთვე პატრიარქის მიერ საკუთარი ხელით დაწერილ ან ხელმოწერილ დოკუმენტებში (იხ. ყველაზე ბოლოები - პატრიარქის თანამოსაყდრის დანიშვნა და რომის პაპისადმი მილოცვა) - არსად არის ილია მეორის სრული ტიტული, მითითებულია მხოლოდ „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, „მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის“ გარეშე;

- რომ საქართველოში არცერთი მედიასაშუალება (საქინფორმის გარდა) და არცერთი სახელისუფლო სტრუქტურა არ მოიხსენიებდა და არ მოიხსენიებს ილია მეორის სრულ ტიტულს.

20 დეკემბერს, ანუ იმავე დღეს, როცა პატრიარქ კირილის მიმართვები დაიგზავნა, რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში „სტამბულის სამრევლოს გაერთიანებული რასკოლნიკური ეკლესიის“ შექმნა სსრკ-ის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან უპრეცედენტო პირდაპირი ჩარევაა რელიგიისა და ეკლესიის საქმეებში რუს და უკრაინელ ხალხებს შორის განხეთქილების შემდგომი გაღრმავების მიზნით, აგრეთვე ბართოლომეოსის მერკანტილური ინტერესებით: „ნახეთ, თურქეთზე და თურქეთის საპატრიარქოზე როგორი დამოკიდებული ხდება. იქ დანიშვნებიც არის, ძალიან ბევრი, და, რაც მთავარია, ფული. ვფიქრობ, ეს მთავარი მოტივია ბართოლომეოსისთვის - დაიქვემდებაროს ეს ტერიტორია, მერე კი ამაზე ფულიც აკეთოს“, - განაცხადა პუტინმა (ოფიციალური ანკარის მიერ ფარულად კონტროლირებადი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო თურქეთის - ნატოს წევრი ქვეყნის იურისდიქციაში იმყოფება - იხ. საქინფორმის 2012 წლის 12 აგვისტოს პუბლიკაცია).

27 დეკემბერს, ანუ ხუთშაბათს შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ აღიარება-არაღიარების საკითხზე იმსჯელებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილია, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კანონიკური - მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია 12 348 მრევლს მოითვლის, რაც ორჯერ მეტია ახალი ფსევდოეკლესიური სტრუქტურის შემადგენელ მრევლთა ერთობლივ რაოდენობაზე (10 424 ღვთისმსახური, 211 მონასტერი, 4 721 ბერ-მონაზონი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რთულ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ყველა მხრიდან ზეწოლას განიცდის: პროდასავლური მეუფეების - წმინდა სინოდის წევრების, ე.წ. პოლიტ-მიტროპოლიტების მხრიდანაც, რომლებმაც სააკაშვილთან ცოცხალი კონტაქტი შეინარჩუნეს და ხშირად სტუმრობენ ვაშინგტონსა და ბრიუსელს; აშშ-ის საელჩოს მხრიდანაც; და საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც, რადგან უკრაინა საქართველოს უახლოეს მოკავშირედ ითვლება და ყველა საერთაშორისო მოედანზე, ევროკავშირის, გაეროსა და ნატოს სტრუქტურების ყველა სხდომაზე, ანგარიშებში და რეზოლუციებში საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად იხსენიებენ, როგორც ქვეყნებს, რომლებიც რუსული ოკუპაციისგან იტანჯებიან.

მეორე მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ აღიარება მეორე მძიმე ჭრილობას მიაყენებს წმინდა მართლმადიდებლობას და საქართველოს საბოლოო დაღუპვად მოგვევლინება, როგორც უძველესი მართლმადიდებელი ქვეყნის, და როგორც სუვერენული სახელმწიფოსი, რაც ილია მეორეს ყველაზე კარგად ესმის.

ამიტომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილებით დაბრძენებული მეთაური, ფაქიზი დიპლომატი ილია მეორე, რომელმაც ხანდაზმულობის მიუხედავად უჩვეულოდ გამჭრიახი გონება შეინარჩუნა, ყველანაირად ეცდება, ამა თუ იმ მხარის სასარგებლოდ წმინდა სინოდის ნებისმიერი კონკრეტული გადაწყვეტილება დაბლოკოს და ეს საკითხი განუსაზღვრელი დროით გადადოს, თან დააკვირდეს - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა საადგილმამულო მართლმადიდებელი ეკლესიები, თუმცა პირადად მისთვის მართლმადიდებლობის დამრღვევი უკრაინელი რასკოლნიკები ღრმად მიუღებელია.

საქინფორმი დიდი ალბათობით ვარაუდობს, რომ უკრაინაში მალე მართლმადიდებლური მრწამსისთვის ასიათასობით შეურაცხყოფილი და დამცირებული მორწმუნე დაიღუპება, როგორც საქართველოში დაიღუპა 1227 წელს მართლმადიდებლური რწმენისათვის 100 ათასი მოწამე, რომელთა სულთან ჯალალ ედ-დინის ბრძანებით მოკვეთილი თავები ქრისტიანთა სისხლით წითლად შეღებილმა მტკვარმა წაიღო. პოროშენკოსა და ჯალალ ედ-დინს შორის არავითარი განსხვავება არ არის.

საქინფორმი, აგრეთვე, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ აფხაზებმა ავტოკეფალია სთხოვეს არა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილს, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსს.

2012 წლის 9 იანვარს თავის რეზიდენციაში ფანარში ბართოლომეოსმა მიიღო აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს წარმომადგენელთა დელეგაცია, რომლებმაც მას აფხაზეთის საეკლესიო-სახალხო კრების მიმართვა გადასცეს „აფხაზეთის ეკლესიისთვის“ ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნით. პასუხად ბართოლომეოსი დაჰპირდა - „გადაეცით აფხაზეთის მართლმადიდებელ ხალხს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს აფხაზეთში საეკლესიო მდგომარეობის კანონიკურად მოგვარებისთვის“ - აქაოდა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდი უახლოეს ხანებში მათ თხოვნას განიხილავს - დადებითად გადაწყვეტს.

ასეც მოხდებოდა - აფხაზი „რასკოლნიკები“ ტომოსს მიიღებდნენ, ისინი პატრიარქ კირილს რომ არ შეეჩერებინა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების მიუხედავად. მაგრამ როგორც კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას“ აღიარებს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების სტატუსს გადახედავს და საეკლესიო საზღვრებს დე ფაქტო სახელმწიფო საზღვრებთან შესაბამისობაში მოიყვანს.

საქინფორმი