რელიგია
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის განცხადება

foto2როგორც ცნობილია, გადაუჭრელი კონფლიქტებისა და პრობლემების გამო კავკასიაში რთული ვითარებაა, რასაც კიდევ უფრო ართულებს საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო დონეზე დიალოგის არარსებობა. ეს იწვევს უნდობლობასა და ეჭვს ერთმანეთის მიმართ, რაც ხელს უშლის  პრობლემების მოგვარებას.

მოქალაქეთა გადაადგილების თვალსაზრისით შარშან გარკვეული ზომები იქნა მიღებული, თუმცა ამას შემდგომი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

ამასთან ერთად, კეთდება განცხადებები, რომლებიც არათუ აახლოვებს მხარეებს, არამედ კიდევ უფრო აშორებს მათ ერთმანეთს. ჩვენ ყველა ღონე უნდა მივმართოთ, რათა არ დავუშვათ ნეგატიური პროცესების შენარჩუნება და გაღრმავება.

მივმართავ ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, მოვუწოდებ მათ, გამოიჩინონ სიბრძნე, სიმამაცე და დაიწყონ დიალოგი სხვადასხვა დონეზე, რათა განიხილონ და მოაგვარონ დაგროვილი რთული საკითხები.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წარსულის გაკვეთილები და ვუცქიროთ მომავალს ჩვენი ხალხების და ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინებით. უნდა გვახსოვდეს ბრძნული სიტყვები: „სანამ ამომავალ მზეს დაინახავდე, ხედავ შენს მეზობელს“. მტრული დამოკიდებულების გაგრძელება მეზობლებს შორის დაუშვებელია!

დაე დალოცოს უფალმა ჩვენი ხალხები და ქვეყნები.

საქართველო, თბილისი,

2011 წლის 27 თებერვალი,

22:00 ს.