აქტუალური
საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანია

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ექსპორტი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 658,9 მილიონი დოლარით განისაზღვრა, რაც 12%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21,7%-ს შეადგენს.

იმპორტმა 2 356,3 მილიონ დოლარს მიაღწია (18,4 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28,4% შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 015,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 16,9%-ით აღემატება.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 32,3%-ს შეადგენს.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 490,0 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 44,0%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 49,1%-ს შეადგენს.

იმპორტი 2 452,6 მილიონ დოლარს გაუტოლდა (18,9 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29,6%-ია.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 942,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 27,3%-თ აღემატება.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18,3% იყო.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72,2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი (435,8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (393,6 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (260,0 მლნ. აშშ დოლარი). 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65,1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი (1 334,0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (861,3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (776,9 მლნ. აშშ დოლარი).