აქტუალური
სამთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთის შეხვედრები განახლდა

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. სამთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები აღდგა.

სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამ ფორმატის ფარგლებში კონკრეტული ინციდენტები უნდა განიხილონ, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

დღის წესრიგში განსახილველად 11 საკითხია. ძირითადი განსახილველი თემა კვლავ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი იქნება. ქართული მხარე არ აკონკრეტებს, შეხვედრაზე მხარეებს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას კვლავ წარუდგენენ თუ არა.

შეხვედრაზე ასევე განიხილავენ დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხს, უკანონო ბორდერიზაციას და საქართველოს მოქალაქეთა გატაცების ფაქტებს წინა შეხვედრიდან დღემდე, ასევე მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას.

ერგნეთში გამართულ ბოლო შეხვედრაზე ქართული მხარე კატეგორიულად მოითხოვდა ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას. სექტემბერში გამართული შეხვედრა ოსურმა მხარემ ჩაშალა.