სამართალი
სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე დააკავეს

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. ამის შესახებ პირველი არხს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე კახეთში დააკავეს.

სავარაუდოდ კირკიტაძის დაკავება გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

კირკიტაძე კვირას გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ველისციხეში აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ვინც ნახა, დავით კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.