პოლიტიკა
კანონი გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ პირველი მოსმენით მიღებულია

garemos_dacva2პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციას მისი ფუნქციების ნაწილის ოთხ სხვა სამინისტროში გადანაწილების გზით ითვალისწინებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება – ეს დეპუტატებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნებიდან ის ერთადერთი საკითხია, რომელიც მთავრობამ ამ ეტაპზე გაიზიარა. პროექტის თავდაპირველი რედაქციით, აღნიშნული სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადატანა იგეგმებოდა.

ოპონენტების განცხადებით, ამგვარი გადაადგილება დაცული ტერიტორიების მთავარ ფუნქციას – ბიომრავალფეროვნების დაცვას დააკნინებდა მისი ტურისტული მნიშვნელობის წინ წამოწევის ხარჯზე და ასევე იქნებოდა ცუდი სიგნალი დონორებისთვის, რომლებიც გრანტებს გამოყოფენ დაცული ტერიტორიების შენარჩუნების ხელშესაწყობად.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის "ყველა დასაბუთებული შენიშვნა გაითვალისწინოს“.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათ პირველი მოსმენით იმ დათქმით დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომ განხილვის მომდევნო ეტაპზე მასში მკაფიოდ აისახება გარემოს დაცვითი ნებართვების, კონტროლის და კვოტირების საკითხებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციები, ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები – დეპუტატები ითხოვენ ეს უფლებამოსილებაც გარემოს დაცვის სამინისტროს დარჩეს ან ცალკე დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს და არ გადაეცეს ენერგეტიკის სამინისტროს, როგორც ამას პირველი მოსმენით მიღებული პროექტი ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ნაწილი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მართვას და სარგებლობას, გეოლოგიური გარემოს მართვას უკავშირდება, ენერგეტიკის სამინისტროში გადადის და ყალიბდება გაძლიერებული უწყება სახელწოდებით – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ამ სამინისტროს გადაეცემა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ის ფუნქციები, რომლებიც ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებას უკავშირდება.

ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი "სატყეო სააგენტო“ და ენერგეტიკის სამინისტროს ამჟამინდელი შემადგენელი "ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“ გაერთიანდება "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ სახელის ქვეშ და ენერგეტიკის სამინისტროს დაექვემდებარება. გარემოსდამცველთა განცხადებით, მათ დაუშვებლად მიაჩნიათ ამ ორი სააგენტოს ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფად გაერთიანება, რადგან ისინი განსხვავებული სპეციფიკით იმართება.

პროექტის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს და ორი თვის ვადაში ლიკვიდირებულ იქნას გარემოს დაცვის სამინისტროში შემავალი "გარემოს დაცვის ინსპექცია“ და "საგამოძიებო დეპარტამენტი“. ლიკვიდაციის შემდეგ მთავრობა გარემოს დაცვის ინსპექციის პოლიციური ფუნქციების შსს–ში ინტეგრირებას, ხოლო გარემოს ინსპექტირების უფლებამოსილების გარემოს დაცვის სამინისტროსთვის დაბრუნებას გეგმავს.

გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტროსაგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკურაციო სფეროში გადავა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, ასევე ნიადაგის კონსერვაციასთან და ნაყოფიერების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოში მოიყრის თავს გარემოს დაცვის სამინისტროს ის ამჟამინდელი ფუნქციები, რომელიც უკავშირდება მიწის მიზნობრიობის შეცვლას, ტყის ფონდის საზღვრების დადგენას, მის გაზრდას ან შემცირებას.

პროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენცია გახდება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, რაც ამჟამად, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციებში შედის.

მთავრობის განცხადებით, ამგვარი გადანაწილება გააძლიერებს გარემოს დაცვის სამინისტროს მაკონტროლებელ როლს, მათ შორის ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების კუთხით.

მმართველი პარტიის დეპუტატები საერთო ჯამში მიესალმნენ რეორგანიზაციას, თუმცა ასევე გამოთქვეს იმედი, რომ მეორე მოსმენისათვის მათი კრიტიკული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება.

ერთადერთი დეპუტატი საპარლამენტო ოპოზიციიდან, ვინც მიესალმა და „სწორი“ უწოდა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე იყო. ქრისტიან–დემოკრატებმა გააკრიტიკეს პროექტი და განაცხადეს, რომ მთავრობის მიერ "დაუსაბუთებელი“ გადაწყვეტილების შედეგად გარემოს დაცვის სამინისტროსგან "მხოლოდ აბრა დარჩება“.