პუბლიკაციები
გიორგი გახარია: იქ სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა მოეთხოვებათ შესაბამისი პასუხი

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და შესაბამისად, პოლიციამ სრულად შეასრულა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია. დღეს, დილიდან, აბსოლუტურად მკაფიოდ იყო მარშრუტები განსაზღვრული, ვინ, საიდან და როგორ მოძრაობდა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, დიდი რაოდენობით სტუმრებით და იყო სპეციალური მარშრუტები განსაზღვრული, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო წყნარ და მშვიდ გარემოში, ისე როგორც ახლა თელავშია და არა ისე როგორც ახლა ველისციხის მიდამოებში ხდება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში არის სრულად თავისუფალი და ამას ჩვენ ვადასტურებთ ერთხელ, ორჯერ და ბევრჯერ.

პარალელური, .. აქციის პირობებში, მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს. მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის, რომ დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა ქმედება, ყველა პროვოკაციული ქმედება რომლებიც იყო განხორციელებული, სხვადასხვა წერტილებში სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და იქ სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა მოეთხოვებათ შესაბამისი პასუხი. ამას მე ვპირდები ჩემ თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. თუმცა მინდა, რომ დავპირდე მათ, დღეს საღამოდან მოხდება სამართლებრივი ანალიზი თითოეული ქმედების, თითოეული მოქნეული ხელის, თითოეული დაზარალებული პოლიციელის, თუ მოქალაქის, არ აქვს მნიშვნელობა. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - გიორგი გახარიამ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კახეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ პირველ რიგში მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს და განაცხადა, რომ თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"მთავარია, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს და დასრულდეს წყნარად და მშვიდად. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა: პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო თითოეულ პოლიციელს და დიდი მადლობა ვუთხრა მათ, რისი თმენაც დღეს უწევთ. მინდა დავპირდე ჩემ თანამშრომლებს, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება. ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები პირველ რიგში ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს და კიდევ ერთხელ ვეუბნები მათ დიდ ბოდიშს და დიდ მადლობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.