საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმის რედაქცია პასუხობს შეკითხვებს, რომლებსაც მკითხველები გასულ კვირას ყველაზე ხშირად სვამდნენ.
- შესაძლებელია თუ არა, საქართველოში მოხდეს რაღაც იმის მსგავსი, რაც დღეს საფრანგეთში ხდება, სააკაშვილის მონაწილეობით თუ მის გარეშე?
შეკითხვას საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი უპასუხებს: „„ყვითელი ჟილეტების“ ბუნტი, შესაძლოა, საფრანგეთიდან საქართველოში გავრცელდეს, თუკი საქართველოს ხელისუფლება ამისთვის წანამძღვრების შექმნას არ შეწყვეტს:
• ფრანგები აქციზების ზრდის გამო ბენზინის გაძვირების წინააღმდეგ გამოვიდნენ - ქართველები გამოვლენ ბენზინის გაძვირების და ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ტოტალურად გაზრდილი აქციზების წინააღმდეგ, რასაც გასულ კვირას პურის გაძვირება მოჰყვა (კვირიკაშვილს ამისთვის არა მხოლოდ პასუხი არ მოსთხოვეს, არამედ გაფლანგული 700 მილიონიც აპატიეს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საერთაშორისო მრჩევლის მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე გააცილეს!);
• ფრანგები გამოვიდნენ ევროკავშირიდან გამოსვლის მხარდაჭერით, რომელმაც თავს მოახვია საფრანგეთს ეს მოთხოვნები ჰავის დაცვის ფიქტიური ეკოლოგიური მოსაზრებებით (აქაოდა, ქუჩაში რაც ნაკლები ავტომობილია, მით ნაკლები ნახშირორჟანგი იქნება ჰაერშიო) - ქართველები გამოვლენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დენონსაციის მოთხოვნით, რომელმაც თავს მოგვახვია არარეალური მოთხოვნები, მათ შორის - ყოველწლიური ავტოტექდათვალიერება „ჰაერში ნახშირორჟანგის და ტყვიის მაღალი შემცველობის გამო“, რაც არც ერთმა ლაბორატორიულმა კვლევამ არ დაადასტურა (მაგრამ ამის შესახებ, რატომღაც, ყველა დუმს!);
• ფრანგები გამოვიდნენ უსარგებლო ნატოდან გამოსვლის მხარდაჭერით, რომლის წევრობისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის გადახდა უწევთ - ქართველები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს იხდიან მხოლოდ იმედისთვის, რომ ოდესმე ალიანსში მიიღებენ, და ყველაზე დიდ სამხედრო კონტინგენტს აგზავნიან ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობისათვის.
აი, რატომ მისცა დონალდ ტრამპმა საქმიანი რჩევა საფრანგეთს - გამოვიდეს დრაკონული პარიზის შეთანხმებიდან კლიმატის ცვლილების შესახებ, რათა ყვითელჟილეტიანი მოპროტესტეები დაამშვიდოს - ისევე, როგორც მან გამოიყვანა აშშ პარიზის შეთანხმებიდან, როგორც კი პრეზიდენტი გახდა!
აი, რატომ შეწყვიტა ტრამპმა აშშ-ში ელექტროავტომობილების გავრცელების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც საქართველოში, პირიქით, შემოიღეს, მაგრამ, ამავე დროს, ბენზინსა და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების განბაჟებაზე რამდენჯერმე მომატებული აქციზებით ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესი დაღუპეს, რომელმაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ავტოჰაბად აქცია!