უცხოეთი
კოსოვოს მიერ არმიის შექმნის გამო, სერბეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს გამართვას ითხოვს

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. კოსოვოს მიერ არმიის შექმნის გამო, სერბეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს გამართვას ითხოვს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს თავად განაცხადა.

ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, კოსოვოს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ პრიშტინას ბელგრადთან დიალოგი არ სურს. პირველმა პირმა გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ სრულფასოვანი არმიის შექმნის უკან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და გერმანია დგანან.

სატელევიზიო მიმართვის დროს ალექსანდრ ვუჩიჩმა კოსოვოს მიერ ნოემბერში დაწესებული ტარიფების შესახებაც ისაუბრა. სერბეთის პრეზიდენტმა პრიშტინას აღნიშნული ტარიფების გაუქმებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს კოსოვოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ სრულფასოვანი არმიის შექმნას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი მსუბუქად შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების ეროვნულ არმიად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლის რიგებშიც 5000 პირი იქნება.

ცვლილების თანახმად, შემდეგი ნაბიჯი კოსოვოს თავდაცვის სამინისტროს შექმნაა. 5 000 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, კოსოვოს არმიაში 3 000 რეზერვისტი იქნება. აღნიშნულ კანონპროექტს კოსოვოს 120 მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მხარი 105-მა დეპუტატმა დაუჭირა.

1tv.ge