აქტუალური
საქართველო: ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები დამაიმედებელია

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 12 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 7%-ის დონეზე უცვლელად დატოვების შესახებ. 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, ძირითადად, მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ქვემოთ არის შენარჩუნებული. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 1,9 პროცენტი შეადგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში 25% შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 20%-ით გაიზარდა. პოზიტიური დინამიკაა შენარჩუნებული ფულადი გზავნილების შემოდინებებშიც (წლიური ზრდა 16%).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7% შეადგინა, ხოლო ათ თვეში – 5,1%. 2018 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5,6% იყო, ცხრა თვეში კი – 4,9%.

ოთხშაბათს სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეიძინა და ლარის საშუალოშეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ აუქციონზე 2,6594 GEL/$1 შეადგინა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა 15 სავალუტო აუქციონი, სადაც 162,5 მლნ დოლარი შეისყიდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ ასევე 2,6594 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც 0,0015 ლარით მეტია, ვიდრე ოთხშაბათისთვის.