რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს

iveriis_ghvtismshobeli25 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე კომპლექსში პარაკლისი გადაიხადა. გადმოცემის თანახმად, ივერიის ღვთისმშობლის ხატი IX საუკუნეში ერთი ქვრივი დედაკაცის კუთვნილება იყო. ხატმებრძოლმა მწვალებელმა ღვთისმშობლის ხატი შუბით დააზიანა. ხატის დაზიანებული ადგილიდან სისხლმა დაიწყო დენა. ქვრივი იმის შიშით, რომ ხატი მწვალებლებს უარესად არ დაეზიანებინათ, ფულს შეჰპირდა, თვითონ კი ხატის გადარჩენის მიზნით, სიწმინდე ზღვაში ჩააგდო. ზღვის ტალღებზე დამდგარმა ხატმა ათონის მთას მიაღწია. ათონელი ბერების ლოცვითა და ვედრებით, სიწმინდე ათონის ივერთა მონასტერში დააბრძანეს, მაგრამ მეორე დღეს ხატი სავანის კარიბჭეზე ნახეს. ასე განმეორდა მრავალჯერ, სანამ ათონის ერთ ბერს, გაბრიელს, ღვისმშობელი არ გამოეცხადა და არ ამცნო, რომ ხატი მონასტრის კარიბჭეზე დაებრძანებინათ. მას შემდეგ წმიდა ხატი კარიბჭის ხატადაც იწოდება.