საზოგადოება
11 თვის მონაცემებით, საქართველოს 8 105 829 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს 8 105 829 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რიცხვის ზრდამ 10,6% შეადგინა.

იანვარ-ნოემბერში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შემოვიდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზრდაა ევროკავშირის ქვეყნებიდან. გასული 11 თვის განმავლობაში ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი 82%, რუმინეთი 63%, სლოვაკეთი 62%, ნიდერლანდები 58%, გერმანია 50%.

„2018 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. ეს ახალი რეკორდია, რადგან 2017 წლის ჯამური მაჩვენებელი 7 მილიონ 900 ათასი იყო. მომდინარე წლის 11 თვის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა 17,2 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, სადაც ჩვენ, როგორც მიზნობრივ ბაზრებზე, ყველაზე დიდ აქცენტებს ვახორციელებთ“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება ნოემბრის სტატისტიკას, გასულ თვეში საქართველოს 598 312 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 6,4 პროცენტია.

პირველი სამი კვარტლის განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 6 მილიარდ 400 მილიონი ლარი შეადგინა.