პოლიტიკა
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს და იქ 140-ის ნაცვლად 60 თანამშრომელი იმუშავებს

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე ბრიფინგი გაიმართება.

ინაუგურაციის შესახებ დღე ან ხვალ ჩავატარებთ ბრიფინგს, რომ დეტალები გითხრათ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, არჩეული პრეზიდენტის თქმით, შერჩევის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

ბრიფინგი იქნება სრულყოფილად, სადაც ჩემი ადმინისტრაციის წევრებს წარვადგენ. მიმდინარეობს შერჩევა, ჯერ მთავარი ადამიანი არ არის შერჩეული. დღეს ან ხვალ ვასრულებ ამ პროცესს და გაგაცნობთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. პირველი არხის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიის ჩასატარებლად ორი ადგილი განიხილება – თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზო და პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ეზო.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140-ის ნაცვლად, სავარაუდოდ, 60 თანამშრომელი იმუშავებს. ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია ასახული.

შესაბამისად, 2019 წლის ბიუჯეტის პარლამენტში მესამედ წარდგენილ პროექტში მცირდება თანხა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებისთვის არის გათვალისწინებული. 2018 წელს ამ კუთხით დაფინანსება 4,7 მილიონ ლარს შეადგენს, მომავალ წელს კი 2,3 მილიონი ლარი იქნება.

ამასთან, მომავალი წლის ბიუჯეტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის.