აქტუალური
ნატოს მოკავშირეები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას აღიარებენ - სტოლტენბერგი

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ნატოს მოკავშირეები აღიარებენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას – ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივი სხდომის დაწყებამდე გააკეთა. სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარმოადგენს.

ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ ორივე ქვეყნის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ივლისში გამართულ სამიტზე მოკავშირეებმა აღიარეს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ალიანსის ლიდერების მიერ მიღებულ დეკლარაციაში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც ქვეყანა ალიანსის სრულფასოვანი წევრობისთვის ემზადება. ნატო ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა

იენს სტოლტენბერგის თქმით, ამავე სამიტზე მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატოს წევრები არასდროს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსკოვს, უზრუნველყოს აზოვის ზღვაში თავისუფალი ნაოსნობა და გაათავისუფლოს ქერჩის სრუტეში დაკავებული გემები და უკრაინელი სამხედროები.