საზოგადოება
IRI: პარტიებმა არჩევნების შედეგები უნდა აღიარონ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი დანიელ ინინგი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ ქართული დემოკრატიის სიმყარე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ საშიშ სამეზობლოში, რომელშიც საქართველოა. ამის შესახებ ლაპარაკია „ამერიკის ხმის“ სტატიაში – „IRI: პარტიებმა შედეგები უნდა აღიარონ და 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ“.

დემოკრატიაში არცერთ პარტიას შეუძლია, სანდოდ გამოიყენოს პოლიტიკურ ძალაუფლებაზე გრძელვადიანი მონოპოლია. ინსტიტუციური კონტროლი და ბალანსი, მათ შორის, თავისუფალი მედია და მოქნილი სამოქალაქო საზოგადოება, უმნიშვნელოვანეს ელემენტებად რჩება. ჩვენ ველით, მომავალშიც გავაგრძელოთ საქართველოში ყველა დემოკრატიულ პარტიასთან მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გასაძლიერებლად, რომლებიც ქართველი ხალხის სურვილებს გაითვალისწინებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებაც გააკეთა. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში ორგანიზაცია აცხადებს, რომ არჩევნების ადმინისტრირება ეფექტიანად და მოწესრიგებულად გაიმართა: მიუხედავად იმისა, რომ იყო პროცედურული დარღვევები და დაფიქსირებული შეცდომები როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ასევე სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ, არ მიგვაჩნია, რომ მათ [არჩევნების] შედეგები შეეცვალა“.

ორგანიზაციის განცხადებით, რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ არ მოველოდით ამომრჩევლის აქტივობის ასეთ გაზრდას და ასევე გაკვირვებული ვართ არჩეული პრეზიდენტის გამარჯვების რიცხვობრივი უპირატესობით“. IRI ასევე დასძენს, რომ ორგანიზაცია გაკვირვებულია იმით, რომ ის თემები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როგორიცაა უმუშევრობა, პენსიები, სახელფასო ზღვარი და სხვა ეკონომიკური საკითხები, პოლიტიკური დისკურსის ან დებატების ნაწილი არ იყო.

ორგანიზაცია პირობას დებს, რომ „მომავალში გულმოდგინედ გააგრძელებს“ პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობას იმაში დასარწმუნებლად, რომ კამპანიები იმის ნაცვლად, რომ ნეგატიურ თავდასხმებზე იყოს კონცენტრირებული, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაფუძნებული და პროაქტიური იქნება.

საარჩევნო ციკლის განმავლობაში IRI ყველა მონაწილეს მოუწოდებდა, არჩევნების დასრულების შემდეგ მისი შედეგები ეღიარებინა:

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ მოთამაშეებს ყველანაირი უფლება აქვთ, საჩივრები შეიტანონ სათანადო ლეგალური არხების გავლით, მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დემონსტრაციები და გრძელვადიანი დემონსტრაციების მოწოდებები დაარღვევს დემოკრატიული პროცესის არსს. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია არა მხოლოდ აღიარებს არჩევნების შედეგებს, არამედ დაიწყებს მომავლისთვის მოსამზადებელი აქტიური ზომების მიღებას, განსაკუთრებით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

IRI აღნიშნავს, რომ ჯერ ძალიან ადრეა დასკვნის გაკეთება, თუ არჩევნების შემდეგ რამდენად გაძლიერდა ან დასუსტდა სახელმწიფო, როგორც ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყანა“. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს მოუწოდებს, გაითვალისწინოს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიული აღმშენებლობის თვალსაზრისით აქვს აღებული.