სამართალი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული, კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ეწარმოებინათ კამპანია თავისუფლად, თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა გაუმართლებელი უპირატესობით და ორივე მხრიდან კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ეს პროცესი შელახა, – ამის შესახებ საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული; თუმცა მეორე ტურის მთავარი ასპექტების რეგულაციის არარსებობა ლეგალურ გაურკვევლობას ქმნიდა.

კამპანია აღინიშნებოდა უხეში რიტორიკით. გაიზარდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, რამაც პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ბუნდოვანი გახადა“, – აღნიშნავს მისია.

ამასთან, მისიის შეფასებით, არჩევნების დღეს ამომრჩევლები აქტიურად მონაწილეობდნენ და პროცესი შეფასდა დადებითად, თუმცა შეინიშნებოდა ამომრჩევლებზე მონიტორინგი, რაც აძლიერებდა შეშფოთებას პოტენციურ დაშინებასთან დაკავშირებით.

ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გახდა სადავო საკითხი და გამოიწვია გადახედვის მოწოდებები სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და წინააღმდეგობა ოპოზიციური პარტიის მხრიდან. ასევე, მითითებულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში თარიღის დანიშვნის დროს, თუმცა გადაწყვეტილების გარშემო გარემოებები ნეგატიურად აისახა დაინტერესებული მხარეების ნდობაზე ცესკო-სადმი.

ამის მიუხედავად, არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, ვადები ზოგადად იყო დაცული და ცესკო მიმართავდა ძალისხმევას პირველ ტურში დაფიქსირებული პროცედურული ხარვეზების აღმოსაფხვრელად გადამზადების გზით.

სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად არეგულირებს მეორე ტურის ძირითად ასპექტებს. კამპანიის გაურკვეველმა რეგულაციამ გამოიწვია არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ინტერპეტაციები და არ უზრუნველყო სამართლებრივი სიცხადე. ამას გარდა, ბოლო შესწორებებმა არ აღმოფხვრა პრობლემური საკითხები, რომლებიც გამოვლინდა წინა ორ რაუნდიან არჩევნებში და არ ითვალისწინებდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციებს მეორე ტურის მკაფიო წესების განსაზღვრების შესახებ“, – ნათქვამია დასკვნაში.

ამასთან, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ მეორე ტურის წინ კამპანიის ფარგლებში აქტივობა უფრო ინტენსიური გახდა და ადგილი ჰქონდა ცალკეულ ძალადობრივ ინციდენტებს.

მეორე ტურამდე გაიმართა ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული და ანტისამთავრობო რამდენიმე დემონსტრაცია, რამაც ორ მხარეს შორის დაძაბულობა გააძლიერა. ნეგატიური, უხეში და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ მნიშვნელოვნად მოფინა ჩრდილი კამპანიას და ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა. კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ინციდენტებს და სოციალური და ფინანსური ინიციატივების სერიის გამოცხადებას, კერძოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტის მიერ 600 ათასი პირისთვის ვალების დაფარვის შესახებ“, – აღნიშნულია დასკვნაში.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში ევროპარლამენტის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა დ ადამიანის უფლებათა ოფისის დელეგაციები შედიან.

წყარო: 1tv