აქტუალური
მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ სოფო ხალვაში თანამდებობაზე ოფიციალურად 27 ნოემბერს წარადგინა. სოფო ხალვაში განათლებისა და კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

„სოფო ხალვაში ცნობილი პიროვნებაა, მას ბევრი რეკომენდატორი ეყოლება ყოველთვის, თუმცა გუნდს ვაკომპლექტებ მე და გადაწყვეტილებაც მივიღე მე“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა სოფო ხალვაშის დანიშვნა მის ღია მხარდაჭერას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისადმი, ბათუმის მერი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მასთან გაცილებით ადრე დაიწყო.

თავად სოფო ხალვაშიც აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მერის მოადგილედ მის დანიშვნაზე უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

„ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ, თუმცა უკვე დიდი ხანია, მიდის მოლაპარაკებები. ისე დაემთხვა, რომ გადაწყვეტილება მივიღე ახლა. ვეცდები, ყველანაირად გამოვადგე ჩემს ქალაქს“, – განაცხადა სოფო ხალვაშმა.