თბილისში გადაადგილება შეფერხებულია, რადგან სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაფიცული არიან და დილიდან "ვარდების მოედანზე" იკრიბებიან. თბილისში მოქალაქეების გადაადგილება განსაკუთრებით გართულებულია ვარკეთილის, მოსკოვის გამზირის, გლდანის, დიღმის, საბურთალოს მხრიდან. გადატვირთულია ავტობუსები და მეტროსადგურები.
როგორც მძღოლები ამბობენ, ისინი თანახმა არიან მერიის პირობებზე ტექნიკურად გამართული მანქანებისა და მოწესრიგებული მძღოლების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრის, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, მძღოლებისა და სამარშრუტო ხაზების მფლობელებისაგან მათ შეიტყვეს, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანიები არ აპირებენ უცხოეთიდან თანამედროვე სამარშრუტო ტაქსების ჩამოყვანას, როგორც ეს მანამდე იყო გაცხადებული, არამედ ითხოვენ არსებულ მიკროავტობუსებთან ხელშეკრულების გაფორმებას და მიკროავტობუსებზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას, რაც დღეში თითოეულ სატრანსპორტო ერთეულიდან 20-40 ლარს გულისხმობს, ხოლო ტენდერის ჩატარებამდე ეს გადასახადი დღეში 7-10 ლარს შეადგენდა.