სამართალი
თამარ ჩუგოშვილი - ამომრჩევლების მობილიზება და უბნის გარეთ აგიტაცია კანონით დაშვებული ქმედებაა

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. უკვე 6 საათია, რაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური მიმდინარეობს, და მთელი ამ დროის განმავლობაში სააკაშვილის ტელეკომპანია რუსთავი 2“, რომელიც სააკაშვილის კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძისათვის მუშაობს, ცდილობს, დაძაბოს ვითარება და ამაზრზენ ტყუილებს ავრცელებს. თავიდან აქცენტი გაკეთდა პროვოკაციებზე აზერბაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონის რაიონულ ცენტრში - მარნეულში, მაგრამ სააკაშვილის და მისი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმა ჩაიშალა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილიდანვე გაგზავნა იქ სპეცდანიშნულების რაზმი ჯავშანმანქანით „კობრა“ და სხვა საგანგებო ტექნიკით, რომელიც მასობრივი არეულობის დროს გამოიყენება. არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულში ასევე ჩავიდნენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რომელთა თვალწინ პროვოკატორებმა პროვოკაციის მოწყობა გადაიფიქრეს.

მას შემდეგ, რაც პროპაგანდისტებმა - „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანებმა პოლიციელებისაგან ინფორმაცია ვერ მიიღეს, მათ მთელ საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დატერორება დაიწყეს - მიკროფონებით დასდევდნენ საარჩევნო უბნებიდან გამოსულ ამომრჩევლებს, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფთ ხელიდან გლეჯდნენ ბლოკნოტებს და კამერებით იღებდნენ, ტელეეთერში ინფორმაციაც კი გაავრცელეს, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნების მიერ გაგზავნილი ახალგაზრდა ქალები ვაჟებს სექსს სთავაზობენ, თუკი ისინი სალომე ზურაბიშვილს მისცემენ ხმას.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველა რეგიონში წონასწორობიდან გამოყვანილი ადამიანები ღირსეულად, ზოგჯერ კი ძალიან მკვახედ იშორებენ თავიდან თავგასულ, გამყიდველ პროვოკატორებს, რომლებიც თავის თავს ჟურნალისტებს უწოდებენ. საქინფორმი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სახელს დღეს თითქმის არავინ ახსენებდა, რადგან ხალხი იმდენად მას კი არ აძლევს ხმას, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილის მკვლელებისა და ჯალათების სისხლიანი დიქტატურის რეჟიმის დაბრუნების წინააღმდეგ.

„რუსთავი-2“-ის ტყუილის გასაქარწყლებლად, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით აშინებს მოქალაქეებს, რომლებსაც ხელში სიები დაუნახეს და რომლებსაც ძალით უცვივდებიან პირად ავტომობილებში, ცესკო-მ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოფიციალური განცხადებები გააკეთეს.

ხმის ფარულობა ქვეყანაში არის სრულიად დაცული, რასაც უზრუნველყოფს დაცული საარჩევნო უბანი, სადაც ნების გამოვლენა ხდება, ამაში ვერ ჩაერევა ვერავინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ორივე პოლიტიკური ძალა, თავისი ამომრჩევლის მობილიზაციას კანონის ჩარჩოებში ახდენს და აქ უკანონო არაფერი არ არის.

„პარტიის კოორდინატორებს ამომრჩევლების არანაირი პირადი მონაცემები, რომელიც კანონით შეიძლება იყოს შეზღუდული ან აკრძალული, არ აქვთ. რაც შეეხება ამომრჩეველთა მობილიზაციას, ეს ქმედება არ არის უკანონო. ხმის ფარულობა ქვეყანაში არის სრულიად დაცული, რასაც უზრუნველყოფს დაცული საარჩევნო უბანი, სადაც ნების გამოვლენა ხდება, ამაში ვერ ჩაერევა ვერავინ, ეს არის სრულიად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ამომრჩევლის მობილიზებას და მხარდამჭერებისადმი მოწოდებას, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ, დააფიქსირონ თავისი სურვილი, ამაში უკანონო არაფერი არ არის”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ამომრჩევლების მობილიზება და უბნის გარეთ აგიტაცია კანონით დაშვებული ქმედებაა.

„ჩვენს კანონში არის ერთადერთი ჩანაწერი აგიტაციის აკრძალვასთან დაკავშირებით და ამბობს იმას, რომ თვითონ საარჩევნო უბანზე არის აკრძალული აგიტაცია და ეს ძალიან მკაფიოდ არის დაფიქსირებული საარჩევნო კანონმდებლობაში. სხვა შეზღუდვა არც აგიტაციასთან, არც მობილიზაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ამომრჩეველი შედის უბანზე და ხმას აძლევს, ეს პროცესი იყოს დაცული. ამომრჩეველთა მობილიზება ყველა პოლიტიკური ძალისთვის არის მნიშვნელოვანი, მხარდამჭერების მოწოდება, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და უკანონო ამაში არ არის არაფერი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ანა მიქელაძე - თუკი რომელიმე პარტიის კოორდინატორს საარჩევნო უბნის გარეთ აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და ახორციელებს საქმიანობას, ეს დარღვევა არ არის

თუკი რომელიმე პარტიის კოორდინატორს საარჩევნო უბნის გარეთ აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის მიხედვით, დარღვევა არ არის, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია, მიწოდებული ჰქონდა არჩევნებში ჩართული ყველა მხარეს, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული სიის გადაცემა.

„რაც შეეხება სამაგიდო სიებს და ზოგადად სიებს, არსებობს სიის სამაგიდო ვერსია, რომელიც აქვთ მხოლოდ რეგისტრატორებს და არსებობს სიის საჯარო ვერსია, რომელიც არის გაკრული. ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია, მიწოდებული ჰქონდა არჩევნებში ჩართული ყველა მხარეს, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული სიის გადაცემა, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსა და ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად, თუკი გარეთ, რომელიმე კოორდინატორს აქვს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და მისი მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას, ეს კანონმდებლობის მიხედვით დარღვევა არ არის”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, სიების საჯარო ვერსიას ახლავს ფოტოები, თუმცა მასზე არ არის დატანილი პირადობის მოწმობის ნომერი.

ამასთან, ანა მიქელაძემ საარჩევნო აგიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, აგიტაცია უშუალოდ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში, იქ სადაც მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა კანონმდებლობით აკრძალულია, საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია არის დასაშვები.

„ხმის მიცემის პროცესი არის ფარული, თუმცა ჩვენ ამომრჩევლებს ასევე მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან. იმ შემთხვევაში თუკი თავად ამომრჩეველი აცნობებს ამის შესახებ ინფორმაციას, თუ ვის მისცა ხმა, კანონმდებლობის მიხედვით, ეს დარღვევა არ არის. თუმცა ჩვენ საარჩევნო უბანზე რა თქმა უნდა, ვითხოვთ და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისაგან. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, კაბინაში აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება და ხმის მიცემის პროცესი არის ფარული”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.