პუბლიკაციები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ უნდა გადადგეს! - საქინფორმის საგანგებო განცხადება ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით ზალკალიანის კომენტარების თაობაზე

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 2018 წლის 25 ნოემბერს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებმა „ბერდიანსკი“, „ნიკოპოლი“ და „იანა კაპუ“ აზოვისა და შავ ზღვებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს.

ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკუთარ Twitter გვერდზე დაწერა.

საქინფორმი დაუშვებლად მიიჩნევს, როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი არაობიექტურად ოპერირებს კიევის ხელისუფლების ცრუ ინფორმაციით და ამგვარად არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ საქართველოს კონფლიქტის მხარედ გადააქცევს. უკრაინის სამხედრო ხომალდებმა აიძულეს რუსული სამხედრო ხომალდები, დაეცვათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული წყლები, სადაც ისინი პროვოკაციის მიზნით შევიდნენ, ამიტომ არანაირ „იერიშზე“ ლაპარაკიც არ შეიძლება. საქინფორმი აღნიშნავს, რომ ამასთან, რუსმა სამხედროებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს და არ ჩაუძირავთ არცერთი უკრაინული ხომალდი, რომელმაც რუსეთის საზღვაო საზღვარი დაარღვია.

საქინფორმი დაუშვებლად მიიჩნევს, როდესაც ქვეყნის პირველი დიპლომატი ელემენტარულად ვერ ერკვევა საერთაშორისო საზღვაო სამართალში და მთელი რეგიონისათვის საფრთხის შესახებ აცხადებს ისე, რომ თავი არ შეუწუხებია მინსკის შეთანხმების გასაცნობად, რომელიც მხარეთა ურთიერთობას არეგულირებს. სხვაგვარად ეცოდინებოდა, ვინ წარმოადგენს საფრთხეს რეგიონისთვის - რუსეთი თუ უკრაინა.

საქინფორმი დაუშვებლად მიიჩნევს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სახელით მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას მოწოდებით, შეაჩერონ რუსეთი, და ავიწყდება, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს მიერ დაკარგულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია განლაგებული, თბილისთან გაცილებით ახლოს, ვიდრე კიევი. საქინფორმი ასევე შეახსენებს ბატონ ზალკალიანს, რომ ახლო წარსულში კიევმა არა მხოლოდ არ გადმოსცა საქართველოს ძებნილი სააკაშვილი, არამედ მას სახელმწიფოში მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდა!

საქინფორმი დაუშვებლად მიიჩნევს, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, თუნდაც „ა ლა ტრამპ“ - სოცქსელებში გაკეთებული, ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არის მიმართული ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე და არა პროვოკაციებზე სამხედრო ძალის გამოყენებით „ა ლა სააკაშვილი“, რასაც მოწმობს პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, საქინფორმი აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამსახურებრივი შეუსაბამობის შესახებ და მოუწოდებს, სასწრაფოდ იქნეს განხილული მისი გადადგომის საკითხი.

 

საქინფორმი