სამართალი
სამართალდამცველების მხრიდან სხვადასხვა დანაშაულზე არასათანადო რეაგირების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ზოგიერთი მედიასაშუალებისა და ცალკეული პირების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულებზე თითქოსდა არასათანადო რეაგირების შესახებ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი მესიჯები ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას და ახალისებს ძალადობას იმ ფონზე, როცა არჩევნების დღეს პოლიციის ჩარევის შედეგად ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული.

დღეის მდგომარეობით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

გაცნობებთ, რომ ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ. პოლიციის აქტიური მუშაობის შედეგად, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში ძალადობის არაერთი ფაქტი იქნა თავიდან აცილებული.

ამასთან, მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, ხოლო მტკიცებულებების მოპოვებისთანავესისხლისსამართლებრივი დევნა. მათ შორის, კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალადობის კლებაზე და პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირებაზე აღნიშნულია საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე კვირას მედიასაშუალებებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციების შესამოწმებლად 48 საათის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის (231) მოწმე გამოიკითხა.

გამოკითხული იქნენ მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის პენსიონერი და სოციალურად დაუცველი პირები. შედეგად, გამოკითხულ პირთა მიერ ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დადასტურდა, მათ შორის არ დადასტურდა ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენა ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატის გაკვრის დროს.

ასევე, არ დადასტურდა ვალესა და სიღნაღის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. დადასტურებულ ფაქტებზე დაიწყება გამოძიება, ხოლო ნაწილის შესწავლა გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, რომლის უმთავრესი ამოცანაა, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ამ მიზნით, ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. არცერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი.

არჩევნების გამოცხადების დღიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებსაც პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას დანაშაულის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ. მზად ვართ, ნებისმიერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მივაწოდოთ ინფორმაცია გაწეული სამუშაოს შესახებ.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა პირს და ორგანიზაციას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, მოახდინონ პოლიციის ინფორმირება დაუყოვნებლივ იმისთვის, რომ სამართალდამცავების მიერ თითოეული ფაქტის გადამოწმება და სათანადო რეაგირება არჩევნების დღემდე განხორციელდეს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.