საზოგადოება
ბიბილოვი: უკრაინამ, საქართველოს მსგავსად, სახელმწიფო ტერორის გზა აირჩია

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. იუწყება რადიო „თავისუფლება“: „რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დახმარებას და თანამშრომლობის გაძლიერებას ჰპირდება უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს. ამის შესახებ ბიბილოვმა განუცხადა ინტერნეტ-პორტალს „მე-15 რეგიონს.“ ბიბილოვის თქმით, მუდმივი კონტაქტი აქვს ამ რესპუბლიკების მეთაურებად 11 ნოემბერს არჩეულ დენის პუშილინსა და ლეონიდ პასეჩნიკთან. ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, მან თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა ჯერ კიდევ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველ მეთაურთან, ტრაგიკულად დაღუპულ ალექსანდრ ზახარჩენკოსთან. ჩადენილ იქნა ცინიკური ტერაქტი. უკრაინამ, საქართველოს მსგავსად, აირჩია სახელმწიფო ტერორი. მათ სურდათ ზახარჩენკოს მოკვლა, მაგრამ უკვდავი გახადეს მისი სახელი, - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა. დონეცკის .. სახალხო რესპუბლიკის პირველი მეთაური ზახარჩენკო 2018 წლის აგვისტოში დაიღუპა დონეცკის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ანატოლი ბიბილოვი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა დღეს დონეცკში დაესწრნენ .. სახალხო რესპუბლიკის ახალი მეთაურის, დენის პუშილინის ინაუგურაციას. ხვალ, 21 ნოემბერს, ბიბილოვი და ბგანბა მონაწილეობას მიიღებენ ლუგანსკის .. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად არჩეული ლეონიდ პასეჩნიკის ინაუგურაციაშიც.

უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მეთაურების არჩევნები 11 ნოემბერს ჩატარდა. უკრაინის პროკურატურამ კენჭისყრის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლით, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობამ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მეთაურების არჩევნები დაგმო და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფად შეაფასა“.