აქტუალური
ევროკავშირი საქართველოს კიდევ 231 მილიონი ევროთი დაეხმარება

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიუსელში, ევროკავშირის და საქართველოს ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრისას ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას და დოკუმენტს, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 231 მილიონი ევროს გამოყოფას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 ნოემბერს მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი ხელს მოაწერენ შეთანხმებებს უნარების განვითარების და ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ და დოკუმენტს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის სამოქმედო გეგმის თაობაზე.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბახტაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველო ევროსტრუქტურებთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი უნდა გამოიყენოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. სპეციალურად შეიქმნა ეს ფორმატი საქართველოსთვის, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე, რათა ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლოთ დავსახოთ ახალი გზები და ახალი მიზნები, თუ როგორ უნდა დავუახლოვოთ უფრო მეტად საქართველო ევროპას, - განაცხადა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, ბრიუსელში თემატურად განიხილავენ ახალი შესაძლებლობების და პერსპექტივების შექმნას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობასა და განათლების სფეროში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ინტეგრაციის პროცესი გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი და მოქალაქეებმა მიიღონ უფრო მეტი კონკრეტული შედეგი. ამასთან ერთად, ევროკომისიის დონეზე იხილება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით ბრიუსელში გაიმართება ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას.