სამართალი
მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, - ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა განაცხადა.

პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მიხეილ გიორგაძე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც მოინახულა.

მინისტრის მოადგილე ორი დღის წინ კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

დაშავებული მრავლობითი მოტეხილობით ჯერ თელავის მუნიციპალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ხათუნა ჭონიაშვილი აცხადებს, მიხეილ გიორგაძეს აღენიშნებოდა გულმკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.