სამართალი
ზურაბიშვილის დასახმარებლად თბილისში მისი ვაჟი და ისრაელელი პიარტექნოლოგი ჩამოფრინდნენ (ვიდეო)

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, რადგან ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილის და როგორც ქართველი კაცის, რომ ვიყო დედაჩემთან და დავიცვა იგი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

როგორც იცით, გასულ კვირას მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. მუქარის მიუხედავად, უფრო მეტიც, ამ მუქარის გამო გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, რადგან ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილის და როგორც ქართველი კაცის, ვიყო დედაჩემთან და დავიცვა.

მე ასე მესმის საქართველოს მნიშვნელობა. საქართველო ჩემთვის არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა. არჩევნებამდე ვიქნები და დავრჩები საქართველოში, რადგან ეს არ არის ნორმალური არჩევანი, ეს არის ბრძოლა. ბრძოლა, რომ ის საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს, ბრძოლა, რომ ავირჩიოთ ევროპული მომავალი. ჩვენ საქართველოს მოსახლეობასთან ვიქნებით, ერთად დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 12 ნოემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, რომ ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი შაბათს ორგანიზაციის ქალები სამართლიანობისთვის წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

ჟურნალისტებმა ქალთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, არიან თუ მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პიარკონსულტანტები ისრაელიდან, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არ არიან ჩართული რუსი პიარსპეციალისტები“.