რელიგია
ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს

iveriis_ghvtismshobeliამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 11:00 საათზე თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის სახელზე მშენებარე კომპლექსში პარაკლისს გადაიხდის. 12:00 საათზე კი უწმინდესი წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში რეპრესირებულთა სულის საოხად პანაშვიდს გადაიხდის.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ, 13:00 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, ტაძრის აღდგენიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ამჟამად ათონის წმიდა მთაზეა დაცული.

ხატი IX საუკუნეში ერთი ქვრივი დედაკაცის კუთვნილება იყო. ხატმებრძოლმა მწვალებელმა ღვთისმშობლის ხატს შუბი აძგერა. ხატის დაზიანებული ადგილიდან სისხლმა დაიწყო დენა. ქვრივი იმის შიშით, რომ ხატი მწვალებლებს უარესად არ დაეზიანებინათ, ფულს შეჰპირდა, თვითონ კი, ხატის გადარჩენის მიზნით, სიწმინდე ზღვაში ჩააგდო. ზღვის ტალღებზე დამდგარმა ხატმა ათონის მთას მიაღწია. ათონელი ბერების ლოცვითა და ვედრებით სიწმნიდე ათონის ივერთა მონასტერში დააბრძანეს. მას შემდეგ წმიდა ხატი კარიბჭის ხატადაც იწოდება.