უცხოეთი
კახა იმნაძე - საქართველო ანექსირებული ყირიმის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის თანასპონსორია

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა ყირიმში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომლის თანასპონსორი საქართველოა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე წერს.

„მესამე კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია „ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, უკრაინა“, რომლის თანასპონსორი საქართველოა. დოკუმენტი გმობს ადამიანის უფლებების დარღვევებს და რუსეთის ოკუპაციას, მოუწოდებს უფლებადამცველი მექანიზმების შეუზღუდავი დაშვებისკენ“, – წერს კახა იმნაძე.

ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ განახლებულ რეზოლუციას 67-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო. 26-მა ქვეყანამ დოკუმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა, 82-მა კი თავი შეიკავა.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ყირიმში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, არის სომხეთი, ბელარუსი, სერბეთი, კუბა, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია, ირანი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვები.

1tv.ge