აქტუალური
რაზე დაიხარჯება მილიონობით ლარი 2019 წლის ბიუჯეტიდან

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი იხილავს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომლის პრიორიტეტებს განათლება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მხარდაჭერა და სხვა მიმართულებები წარმოადგენს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები შემდეგნაირად გამოიყურება: ეკონომიკური ზრდა - 4,5%, ინფლაცია - 3%, დეფიციტი - 2,6%.

2019 წელს ბიუჯეტში მოსალოდნელია შემოსულობები 12 მილიარდ 968 მილიონი ლარის ოდენობით, ასიგნებები - 12 მილიარდი 997 მილიონი ლარი.

მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა. აღნიშნული მიზნის მიღწევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზით არის შესაძლებელი. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა ინვესტიციების ზრდა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე კერძო სექტორიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პროექტის წარდგენისას.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათლების სისტემას. ამ სფეროს დაფინანსება 37 მილიონი ლარით გაიზრდება და 740 მილიონ ლარს შეადგენს.

პროფესიულ განათლებაზე გამოიყოფა 49 მილიონი ლარი, რაც 2018 წლის მონაცემებს 7 მილიონი ლარით აღემატება.

2019 წლის დოკუმენტში ასევე პედაგოგების ხელფასების ზრდა აისახა - ის 30%-ს შეადგენს.

პენსიების დაანონსებული ზრდის გათვალისწინებით აღნიშნული სფეროს დაფინანსება 225 მილიონი ლარით გაიზრდება და 1,9 მილიარდ ლარს შეადგენს.

2019 წლიდან პენსიონერები 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ - ის 200 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის განსაკუთრებულ მუხლს წარმოადგენს შეჭირვებულების დახმარება. პროექტის თანახმად, ის ოჯახები, რომელთაც სიღარიბის სკალის მიხედვით 100 000-მდე ქულა აქვთ მინიჭებული, თითოეულ ბავშვზე 50 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, გაიზრდება საკვების ვაუჩერის ოდენობა - 10 ლარიდან 30 ლარამდე.

61 მილიონი ლარით გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. თანხა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

2019 წელს საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას დაუთმობს ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიმართულებაზე 1,4 მილიარდი ლარი გამოიყოფა. თანხები დაიხარჯება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების - აღმოსავლეთი-დასავლეთის და ჩრდილოეთი-სამხრეთის მშენებლობაზე და ტურისტული მარშრუტების მნიშვნელოვან უბნებზე.

2019 წელს საქართველოს ხელისუფლება გეგმავს სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განახლებას, რომელიც 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს წამოიწყეს და 2016 წლამდე მოქმედებდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვეყნის რეგიონებში წვრილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

მინდა შევჩერდე ჩვენი კომიტეტის მიერ შემუშავებულ რამდენიმე რეკომენდაციაზე, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში ასე გამოიყურება: გათვალისწინებულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა, მხარდაჭერილია რეგიონების გაზიფიცირების პროგრამა და აზიური ფაროსანას მიმართ ბრძოლის ღონისძიებების დამატებით დაფინანსება, რომელიც იზრდება ათი მილონი ლარით“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეგიონების დაფინანსება 109 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს.