სამართალი
პოლკოვნიკ თეთრაძის წამება – ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ფაქტზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელიც ქალაქის სასამართლომ თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საქართველოს მთავარი პროკურატურა.

ბაჩო ახალაია თეთრაძის წამების საქმეზე აპრილიდან სასჯელს იხდის საქართველოს სსკ-ის ექვსი მუხლით, მათ შორის: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ", „სექსუალური ხასიათის, ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება", „სამსახურებრივი სიყალბე" და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარება".

ახალაიასთან ერთად აღნიშნულ საქმეზე 4 წელი დაუსწრებლად აქვს მისჯილი ახალაიას ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილს, რომელიც ამჟამად ძებნაშია. სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი ამ შემთხვევაშიც ძალაში დატოვა.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, ასევე გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით ქართველმა სამართალდამცველებმა 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს, 19 სექტემბერს მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. იმავე დღეს, როგორც მაშინ პროკურატურამ განაცხადა, თეთრაძე სასჯელაღსრულების №18 სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა, სადაც ის გლდანის №8 ციხიდან გადაიყვანეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თეთრაძის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა და გულის იშემიური დაავადება გახდა.

2011 წლის ოქტომბერში ბრალდებულები ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 14 ნოემბერს პროკურატურამ ხელახლა დაიწყო სერგო თეთრაძის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება და დაადგინა, რომ 2011 წელს მოყვანილი ყველა მონაცემი არასწორია და ის სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებების და წამების შედეგად გარდაიცვალა.